header
.
2008-12-20

26 დეკემბერს ჩატარდება ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

2008 წლის 26 დეკემბერს 13 საათზე შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდება ელექტრონული ბიბლიოთეკის „ვახტანგ VI“ პრეზენტაცია.

2008-12-18

ნაწარმოებებს დაემატა პირველი დიდტანიანი ნაწარმოები: ალექსანდრე დიუმას რომანი „გრაფ მონტე-კრისტო“

ეს არის 6 ნაწილისაგან შემდგარი დიდტანიანი ნაწარმოები ქვეთავებითა და სქოლიოებით.

2008-12-12

ბიბლიოთეკაში მუშაობს კალენდარი

ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში შეტანილი ავტორების ბიოგრაფიებში მოცემული ღირსახსოვარი მოვლენების თარიღები კალენდარში გამოიფინება მიმდინარე დღეზე 7 დღით ადრე, რაც იძლევა საშუალებას მოვემზადოთ თარიღის აღნიშვნისათვის.

ბიბლიოთეკაში თავმოყრილია როგორც კლასიკური ქართული და საზღვარგარეთული ლიტერატურის ნაწარმოებები, ისე - სამეცნიერო და ესსეისტური, ეპისტოლარული და მემუარული ტექსტები მსოფლიო ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის საკითხებზე, ცალკეულ ავტორებზე და ლიტერატურის ისტორიის პრობლემებზე. საზღვარგარეთული ლიტერატურიდან შერჩეულია მხოლოდ კარგი ქართულით შესრულებული თარგმანები, რომლებიც დიდი ხანია გაითავისა ქართველმა მკითხველმა.

რაც შეეხება უშუალოდ ქართული მწერლობის ნიმუშებს, ბიბლიოთეკა აერთიანებს ავტორებსა და ნაწარმოებებს დღემდე ცნობილი პირველი ქართული ტექსტებიდან დაწყებული, ვიდრე მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე. ასეთი არჩევანი - ანუ ბიბლიოთეკის ბოლო მიჯნად სწორედ 70-იანი წლების ქართველ მწერალთა თაობის განსაზღვრა - განაპირობა მომდევნო თაობებისა და ქართული სამწერლო კონტექსტისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ არსებული სამეცნიერო და კრიტიკული ლიტერატურის სიმწირემ. აღნიშნული მიჯნა ეხება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას და არა სამეცნიერო შრომებს, რომლებშიც საქართველოს და საზღვარგარეთული ლიტერატურის ზოგადი თუ კონკრეტული პრობლემებია განხილული.

ბიბლიოთეკის ძირითადი მიზანია ქართული და ქართულად თარგმნილი ლიტერატურით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის - უპირველეს ყოვლისა კი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო საზოგადოებისთვის - მაღალი ხარისხის საინფორმაციო ველის უზრუნველყოფა; ქართული სამწერლო და მთარგმნელობითი კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.

ბიბლიოთეკა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ასევე ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ უცხოელ ქართველოლოგებს; უფრო მოქნილს გახდის ქართულენოვანი ლიტერატურული და ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტებით სარგებლობას, გაამარტივებს აღნიშნული ტექსტების ხელმისაწვდომობას.

ბიბლიოთეკა პერმანენტულად შეივსება და გამდიდრდება ახალ-ახალი ტექსტებით. ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველა იმ ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, რომელიც თავს უყრის ქართულენოვან სალიტერატურო და ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებს. სათანადო უფლებების მოპოვებისთანავე ვსარგებობთ მათი რესურსებით და ვთავაზობთ ჩვენ რესურსებს.

ბიბლიოთეკის გამდიდრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კერძო პირების, ორგანიზაციების, გამომცემლობებისა თუ ინსტიტუტების ხელთ არსებულ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც ჩვენი ბიბლიოთეკის პროფილს შეესაბამება. ელექტრონული ბიბლიოთეკა „ვახტანგ VI" დაინტერესებულია მათი შეძენითა და შემდგომში უსასყიდლოდ გავრცელებით.

 ელექტრონული ბიბლიოთეკა „ვახტანგ VI" თავისი მუშაობის პროცესში გაითვალისწინებს ყველა კომპეტენტური პირისა და ინსტიტუციის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და წინადადებებს.

.


www.mes.gov.ge

www.dlf.ge